თავფურცელი

გამოსათხოვარი

ვლადიმერ (ლადო) ბახუტაშვილი

  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სამედიცინო ბიოტექნოლოგიური ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი...

   უდროოდ წავიდა ჩვენგან ღირსეული მამულიშვილი, დიდი პიროვნული ხიბლით შემკული ექიმი, მეცნიერი, მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე. მრავალი სამედიცინო სიახლის ავტორი, ქართველი მამაკაცის ღირსებების მატარებელი და ყოველმხრივ სამაგალითო პიროვნება.

   აკადემიკოს ვლადიმერ ბახუტაშვილის სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერესების სფერო მრავალმხრივი იყო; მოიცავდა შერეული ინფექციებისა და დიზენტერიის პათოგენეზის, ვირუსულ ინფექციათა გავრცელების, გნოტობიოლოგიის, ორგანოსა და ქსოვილის კულტურების გამოყენების ტრანსპლანტაციური იმუნიტეტის შესწავლას და სხვას. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა აპოპტოზისა და ღეროვანი უჯრედების პრობლემებზე. იგი სამასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რამოდენიმე სახის მედიკამენტის, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი პლაფერონის ავტორი გახლდათ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაცულია 50 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ბატონი ლადო გახლდათ ჯანდაცვის სამინისტროს კოლეგიის წევრი, საზოგადოება ცოდნის ვიცეპრეზიდენტი, მრავალი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი, სამეცნიერო კრებულების რედაქტორი, სამეცნიერო ხარისხის მიმანიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე, ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადოებრივ მუშაობას... მისი ღვაწლი ღირსეულად აღინიშნა მთავრობის ჯილდოებით.

    ჭეშმარიტად ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან მზიანი კაცი, რომელიც სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდა გარშემო.

თავფურცელი