თავფურცელი

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დროებით ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ავადობის ზოგიერთი მაჩვენებლების შესახებ

 . მურმანიშვილი, . მეგრელიშვილი, . ცინცაბაძე, . ქრისტესიაშვილი,
. შალამბერიძე, . თამლიანი, . მაჭარაძე
თერაპიის
ეროვნული
ცენტრი

 თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას  დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა წარმოადგენს 1,2,3,4. ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკის სტრატეგიის გატარებაში დიდი ყურადღება ეთმობა დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას, ავადობის გამოვლენას და პრევენციას.

საქართველოს დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა-შეფასების, ავადობის სტრუქტურის შესწავლის, სისხლის მიმოქცევის, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, ნერვული, ენდოკრინული, შარდ-სასქესო სისტემების დაავადებათა გამოვლენის და კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში (2000-2004 წწ-ში) განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, აბაშა, ზუგდიდი, ხობი) დროებით ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიზნობრივი სამედიცინო პროფილაქტიკური პროგრამები.

აღნიშნული პროგრამების ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საშუალება მიეცათ, მიეღოთ სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარება: კომპლექსური სამედიცინო გასინჯვების, მაღალკვალიფიცირებული სამედიცინო კონსულტაციების (თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ფთიზიატრი, ონკოლოგი, რევმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი), ინსტრუმენტული (ელექტროკარდიოგრაფია, ექოაბდომინოსკოპია, სპიროგრაფია) და ლაბორატორიული (სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, პროთრომბინის ინდექსი, სისხლში გლუკოზის დონის, საერთო ქოლესტერინის, ბეტალიპოპროტეიდების, ტრიგლიცერიდების და ღვიძლის ფუნქციური სინჯების განსაზღვრა) გამოკვლევების სახით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში გამოკვლეულ დევნილებს საჭიროებისამებრ აღმოუჩნდათ უფასო მედიკამენტოზური დახმარებაც თანამედროვე მედიკამენტური საშუალებებით.

ეპიდემიოლოგიურ-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარებულია 4795 დევნილში 18-დან 72 წლის ასაკში; აქედან მამაკაცი იყო 2081, ქალი – 2714.

გამოკვლევის შედეგები ძალზედ შემაშფოთებელი აღმოჩნდა დევნილთა ავადობის გავრცელების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ დაავედებების მხრივ.

დევნილი მოსახლეობის ორივე სქესის უმეტესობაში (78,0 %) დომინირებდა ნერვულ-სტრესული ფაქტორი და სხვადასხვა სახის დარღვევები ნერვული სისტემის ფსიქო-ემოციური სფეროს მხრივ. სწორედ ამ სისტემის დარღვევები განაპირობებდნენ მთელ რიგ დაავადებებს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებიდან საკმაოდ მაღალი სიხშირით გამოვლინდა ინვალიდობის და სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად მიჩნეული დაავადებები, როგორიცაა: გულის იშემიური დაავადება და არტერიული ჰიპერტენზია (იხ. ნახ.1); კერძოდ, გულის იშემიური დაავადება გამოვლინდა დევნილთა დროებითი ჩასახლების ადგილის მიხედვით: თბილისში – 19,2%, ქუთაისში – 21, 7%, ბათუმში – 25%, ფოთში – 28%, ზუგდიდში – 32,1%, აბაშაში – 30,2%. გულის იშემიური დაავადების სიხშირის მხრივ დევნილი მოსახლეობა, განსაკუთრებით მამაკაცები 50-60 წლის ასაკში, თვალსაჩინოდ სჭარბობდნენ ადგილობრივ მოსახლეობას (შესაბამისად 30,5 % და 21 %), გულის იშემიური დაავადების ფარდობითი რისკი მამაკაცებში. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის, როგორც გულის იშემიური დაავადებით, ასევე არტერიული ჰიპერტენზიით ავადობა 1,4-ჯერ აღემატება გამოკვლეული ადგილობრივი მოსახლეობის საშუალო მაჩვენებელს, რაც შეიძლება აისახოს დევნილი მოსახლეობის ნერვულ-სტრესული, ფსიქო-ემოციური ფაქტორით, სოციალურ-ეკონომიკური მძიმე მდგომარეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ კონტიგენტში არ იყო გამოხატული ლიპიდური ცვლის საერთო მაჩვენებლების მნიშვნელოვანი დარღვევები, ჭარბი კვების თუ წონის რისკ-ფაქტორი. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ლიპიდური ცვლის შესწავლამ გამოავლინა მხოლოდ მცირეოდენი გადახრები ნორმასთან შედარებითმამაკაცთა 14,4 %  და  ქალთა – 11,2 %-ში (განსაკუთრებით 40-60 წლის ასაკში და ისიც ხშირად მემკვიდრული დატვირთვის და ჭარბი წონის პირობებში). დევნილთა შორის ლიპიდური ცვლის შედარებით უკეთესი მაჩვენებლები ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით, შეიძლება აიხსნას წლების მანძილზე კვების დეფიციტით, მძიმე ეკონომიკური პირობებით.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დროებით ჩასახლების ადგილის მიხედვით ანალიზისას სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილებში გულის იშემიური დაავადების სიხშირის მსგავსად მნიშვნელოვნად მაღალი აღმოჩნდა არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება (იხ. ნახატი #1), კერძოდ, ეს უკანასკნელი აღენიშნა თბილისში დროებით მცხოვრებ დევნილთა 39,1%-, ქუთაისში – 42,4%-, ზუგდიდში – 50%-, ბათუმში – 34,4%-, აბაშაში – 46,5%-, ფოთში – 50%-.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთივე სურათი იყო ფსიქო-ემოციური ფაქტორის გავრცელების მხრივაც, რაც უდავოდ ადასტურებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ამ ორი რისკ-ფაქტორის კორელაციურ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს დევნილი მოსახლეობის პოპულაციაში, რაც შეეხება მამაკაცთა და ქალთა პოპულაციაში არტერიული ჰიპერტენზიის სიხშირეს, 50 წლის ასაკამდე არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევები თვალსაჩინოდ სჭარბობენ მამაკაცებში, ხოლო 50 წლის ზემოთ ხდება პირიქით, ქალები ეწევიან და სჭარბობენ კიდევაც ამ საშიში რისკ-ფაქტორის და დაავადების არსებობის სიხშირის მხრივ მამაკაცებს (იხ. ნახ #.2). სიმძიმის მხრივ, არტერიული ჰიპერტენზიის რბილი და ზომიერი ფორმა უმეტესად გვხვდება 40-50 წლის ასაკამდე, ხოლო ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არტერიული ჰიპერტენზიის გამოხატულება და ხშირია მისი მძიმე ფორმებიც თავისი გართულებებით.

ნახატი 1.
გულის
იშემიური დაავადებისა და არტერიული ჰიპერტენზიის სიხშირე
სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებულდევნილ
მოსახლეობაში 
 

ნახატი 2.
არტერიული
ჰიპერტენზიის გავრცელება ასაკისა და სქესის მიხედვით დევნილ მოსახლეობაში

 

რაც შეეხება რისკ-ფაქტორთა კომბინაციას, ყველაზე ხშირი იყო არტერიული ჰიპერტენზიის შერწყმა ფსიქო-ემოციურ ფაქტორთან, მემკვიდრეობით დატვირთვასთან, ჭარბ წონასთან, თამბაქოს წევასთან, სუფრის მარილის ჭარბ მიღებასთან.

გულის იშემიური და ჰიპერტონული დაავადების რისკ-ფაქტორთა გავრცელების მხრივ საყურადღებოა დევნილ პოპულაციაში დაბალი ფიზიკური აქტივობა, კერძოდ, ლტოლვილი მოსახლეობის უმრავლესობა (74%) ეწევა ნაკლებ აქტიურ ცხოვრებას, რაც განპირობებულია მასიური უმუშევრობით, დეპრესიული ფსიქო-ემოციური განწყობით.  

დევნილი მოსახლეობის ავადობის სტრუქტურაში გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებების შემდეგ გავრცელების თვალსაზრისით (იხ. ნახ.3), ყურადღებას იბყრობს საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, ენდოკრინული და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები. კერძოდ, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (ქრონიკული ქოლეცისტიტი, გასტრიტი და დუოდენიტი, კუჭისა და თორმეტგოჯას წყლული) გამოვლინდა 30,1 – 45,0 %-ში (დროებით ჩასახლების სხვადასხვა ადგილის მიხედვით), სასუნთქი სისტემის დაავადებანი (ქრონიკული ბრონქიტი, ქრონიკული პნევმონია, ბრონქული ასთმა და სხვა) 22,4–34,3 %-ში, ენდოკრინული სისტემის დაავადებანი: დიფუზური ჩიყვი – 17,6–25,9 %; შაქრიანი დიაბეტი – 5,6-15 %-ში, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებანი (კენჭოვანი, ანთებითი და სხვა დაავადებანი) - 54,0–57 %-ში.

ნახატი 3.

ავადობის ზოგიერთი მაჩვენებლის სიხშირე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში

 

ამრიგად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დროებით ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პროფილაქტიკურმა გამოკვლევებმა გამოავლინა ავადობის ძალზედ მაღალი მაჩვენებლები, რაც განპირობებულია იმ მძიმე ფსიქო-ემოციური სიტუაციებით, მორალური, სოციალურ-ეკონომიკური გასაჭირით, რაც ამ ხალხს დაატყდა თავს და რასაც იტანს ამდენი წლის განმავლობაში; დღესაც მათ ხშირად უსახსრობის გამო საშუალება არა აქვთ მიაკითხონ ექიმს, არ იციან თავიანთი დაავადებების შესახებ (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზიით ავადობა არ იცოდა გამოკვლეულთა 62 %-მა) და ვერ იტარებენ შესაბამის მკურნალობას. ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინეს აგრეთვე რეგიონალურ დონეზე გარემო ფაქტორების, კვებითი ჩვევების, სოციალურ-ეკონომიკური გარემო ფაქტორების გავლენა დევნილი მოსახლეობის ავადობაზე.

ამჟამად, როცა ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის ახალი პოლიტიკის გატარების პირობებში დიდი ყურადღება ექცევა სოციალურ-ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, მათ შორის დევნილების ჯანმრთელობას, უდაოდ მეტი მნიშვნელობა მიეცემა სახელმწიფო პროგრამულ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, მაღალკვალიფიცირებული კომპლექსური კონსულტაციებით, პრევენციული ღონისძიებების გატარებით და მედიკამენტოზური დახმარებით.

 

ლიტერატურა:

1.  გულის იშემიური დაავადების გამომწვევ რისკ-ფაქტორთა გავრცელების სიხშირე საქართველოს ზოგიერთი ორგანიზებულ პოპულაციაში.. ჩაფიძე, . კაპანაძე, . სალუქვაძე და სხვგულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე ასპექტები, თბილისი, 1999.  გვ. 50-52.

2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკ-ფაქტორთა დინამიკა საქართველოში. . ბურკაძე, . სადრაძე, . სხირტლაძე, . ბიძინაშვილი და სხვ. პრევენციული კარდიოლოგიის პრობლემები. / კონფერენციის მასალები, თბილისი 2001, 8 დეკემბერი. გვ. 11-12.

3. რას უნდა ველოდოთ მოსახლეობაში ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესის დამკვიდრების შედეგად? . ფაღავა, . ბერკაძე.კარდიოლოგია და შინაგანი მედიცინა, თბილისი, 2002. გვ. 65-68.

4. ათეროსკლეროზის ზოგიერთი რისკ-ფაქტორის შეფასებისა და პრაქტიკული ღონისძიებებისადმი განწყობა ჯანდაცვის პირველი რგოლის ექიმებში. . თათარაძე, . ურუშაძე, . მებონია.საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაციის კონფერენციის მასალები, თბილისი, 2003, 7-11 ოქტომბერი. გვ. 24.

თავფურცელი